Tuesday, March 3, 2009

ნიკოლოზობა

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობის დღესასწაულს - წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს - როცა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. ყველაზე მეტად წმინდანს მეზღვაურები სცემენ თაყვანს.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი დამოუკიდებლად იდგა ემბაზში რამდენიმე საათის განმავლობაში. იგი ყრმობიდანვე მარხულობდა, დედის რძეს კი ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს მიირთმევდა.
სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. მშობლებიც უწყობდნენ ხელს ბიჭს ასეთი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ისინი არა მარტო სახლში, გზაშიც კი არ წყვეტდნენ ნიკოლოზის ქრისტიანულ აღზრდას და მათი სწავლება ისე მტკიცედ გაუჯდა ბავშვს, რომ ბავშვობიდანვე შეიყვარა გლახაკები. არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა რომ არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის. ყრმობისას მხოლოდ სახარებისადმი ლტოლვას ამჟღავნებდა, არ ერეოდა ამხანაგთა უაზრო საუბრებსა და გართობებში, სახეზეც კი არ უყურებდა მათ. ამის შემხედვარე ბიძამ, პათარას ეპისკოპოსმა, დაარწმუნა მშობლები, მიეცათ შვილი ღვთის სამსახურში და მათი ნებართვით აიყვანა იგი მღვდლის ხარისხში.
წმინდა ნიკოლოზს არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. მღვდელთმთავრობისას კი უფრო მკაცრ მოსაგრეობას ეწეოდა, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში, სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევდა სრულყოფილების საფეხურებზე, სულ უფრო უახლოვდებოდა უსხეულო მდგომარეობას.
ხელდასმიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ბიძამისი იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად და თავის ძმისშვილს დაავალა ეპარქიის გამგეობა. წმინდა ნიკოლოზი ამას მთელი პასუხისმგებლობით შეუდგა. ამასობაში მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკ ადამიანს შესწია. ყოველივე ამას აკეთებდა უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად.
როდესაც ბიძამისი დაბრუნდა, წმინდა ნიკოლოზმა ჩააბარა მას ეკლესია, თვითონ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად. პალესტინაში წმინდა ნიკოლოზმა მოიარა ყველა წმინდა ადგილი, თაყვანი სცა უფლის საფლავს, გულმხურვალედ ილოცა გოლგოთაზე, უფლის ჯვარცმის ადგილზე. არსებობს გადმოცემა, რომ იერუსალიმის ტაძრის კარები ნიკოლოზის მიახლოებისას თავისთავად გაიღო და იგი დაუბრკოლებლივ შევიდა მასში.
სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლოზი მისთვის უცნობ ქალაქში მირონში წავიდა. იქ იგი ეპისკოპოსად აირჩიეს. აძლიერებდა წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს. იგი მფარველი ანგელოზივით ეცხდებოდა ყველა დევნილს, თავისი სათნო სიტყვითა და ნუგეშით ამხნევებდა ყველას. ამისთვის იგი შეიპყრეს და სხვებთან ერთად დილეგში ჩააგდეს. იგი მხნედ იტანდა შიმშილს, წყურვილს, ტანჯვას. საპყრობილეშიც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, გასცემდა მოწყალებას. ანუგეშებდა იქ მყოფთ თავისი საუბრებით, ამტკიცებდა მათ, ასე, რომ საპყრობილეც საქადაგებელ ადგილად აქცია. 8 წელი გრძელდებოდა ასე. დევნა დროდადრო ნელდებოდა, მაგრამ ქრისტეს მდევნელნი ქრისტიანებს რომ აღმოაჩენდნენ, მათი სიძულვილი კვლავ იღვიძებდა და დევნა ძლიერდებოდა.
გავიდა დრო და მდგომარეობა გამოკეთდა. კონსტანტინე დიდმა, რომელიც დიოკლიტიანეს შემდეგ გახდა იმპერატორი, ქრისტიანთა მფარველობა იწყო და თვითონაც ქრისტიანი გახდა.
მრავალი სასწაული მოახდინა წმინდა ნიკოლოზმა. კარგა ხანს იცხოვრა მღვდელმთავარმა თავის სამწყსოსთან ერთად. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგრულნი მასში პოულობდნენ მსწრაფლშემწეს და მცველს, უბედურნი - მწყალობელს და ნუგეშინისმცემელს; მასთან მოსაუბრენი რწმენაში მტკიცდებოდნენ, წარმართნი სამუდამოდ უარყოფდნენ წარმართობას და ქრისტეს რწმენის მიმდევრები და აღმსარებლები ხდებოდნენ.
წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული (85 წლისა) გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მრავალი ადამიანი დაესწრო. მისი სხეული საზეიმოდ დაკრძალეს ქალაქის საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე გამოსცემდნენ კეთილსურნელებას და მირონს. მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ. მრავალი საოცრებანი ხდებოდა მის კუბოსთან. ამის შესახებ ამბები სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში და მლოცველთა ტალღამ ტაძრისაკენ იწყო დენა.
წმინდა სასწაულთმოქმედი სიკვდილის შემდეგაც არ სტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ წარმოადგენს კურნების უშრეტ წყაროს. სიკვდილის შემდეგ მამა ღმერთმა მეტი სასწაულთმოქმედების ნიჭი უბოძა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი საოცრებებისა, იმ სიკეთისა და სათნოებებისა, რომელთა კეთებასაც იგი დღესაც განაგრძობს